logo
ENG



"რეალობის შეცვლა მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია" - ლაზარე გრიგორიადისი ციხიდან წერილს ავრცელებს

30 სექ 202320:29
3 წუთის საკითხავი
 
"რეალობის შეცვლა მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია" - ლაზარე გრიგორიადისი ციხიდან წერილს ავრცელებს

მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი გლდანის ციხიდან წერილს ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს. წერილს ადამიანის უფლებათა ცენტრი აქვეყნებს.

როგორც გრიგორიადისი წერს, ბრძოლაში მთავარია ერთად დგომა. ის თანადგომისთვის მოქალაქეებს მადლობას უხდის.

"საზოგადოებას ვეტყოდი, რომ ძალაუფლება ჩვენს ხელშია და ის დამოკიდებულება, რომ რა აზრი აქვს, მაინც იმას იზამენ, რაც უნდათ, არასწორია. ხელისუფლებას ძალაუფლება მივეცით ჩვენ, მარტის აქციებიც მოწმობს, რომ შეგვიძლია, გადაწყვეტილებები შევაცვლევინოთ. მთავარია, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ. რეპრესიებს ახორციელებენ ყველა მხარეს და რაც მეტს გააგრძელებენ, მით უფრო ცუდ შედეგს მიიღებენ იმიტომ, რომ ეს ხალხს აერთიანებს.

მთავარია ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და ვიბრძოლოთ. ხელისუფლება ამდენის უფლებას რომ აძლევს თავს, ჩვენი დანაშაულია. მყიფე და მიზანმიმართული რეაგირება არ ვაჩვენეთ მათ გადადგმულ არასწორ ნაბიჯებზე, თორემ დღის წესრიგს დღეს ჩვენ მოვიყვანდით. ამ რეალობის შეცვლა კი მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია.

Star Wars-იდან ერთი quote მახსენდება: ამბოხებულების პირველი ხომალდი რომ ფრინდება გეილუ ნერსეს ქალიშვილი ეუბნება თავის პატარა გუნდს: მებრძოლი ბრძოლას ერთი ბასრი ჩხირითაც მოიგებს თუ დასაკარგი არაფერი აქვსო. ამ მენტალიტეტით თუ მივუდგებით, მოგება გარანტირებულია. მადლობა ყველას თანადგომისთვის. თქვენი გვერდში დგომა დიდ მოტივაციას მაძლევს. წარმატება ყველას უსამართლობასთან წამოწყებულ საქმეში!", - წერს ლაზარე გრიგორიადისი.

25 სექტემბერს, მამის დაჭრის საქმეზე სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

***

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული". 


close დახურვა